ეროვნული ლიგის მეორე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და სანახაობრივ და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
მასპინძლებს ტრავმის გამო მერაბ გიგაური, ლაშა შერგელაშვილი და ლუკა ელბაქიძე დააკლდნენ. პირველ ტურში „სამტრედიასთან“ დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ ფავორიტად ქუთაისელები მიიჩნეოდნენ.
„იბერიამ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო, ნახევარდაცვაში სწრაფი და სწორი თამაშის ხარჯზე მწვავე მომენტებიც შექმნა – ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ორჯერ კი „ტორპედო“ მეკარე ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა.
ქუთაისელთაგან გიორგი არაბიძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა. პირველი რეალური საგოლე შანსი „ტორპედოს“ 43-ე წუთზე ჰქონდა – ჟორჟინიომ მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა. თუმცა თბილისელებმა ტაიმი მაინც მოიგეს – 45+3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, შოთა ნონიკაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გიორგი კოხრეიძე დარჩა და დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე კი სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა ზუსტად შეასრულა.
ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. არაბიძის გადაცემით ჯერ ნიკოლა ნინკოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა, 90+3-ე წუთზე კი თავი ბიორნ იონსენმა გამოიჩინა, მაგრამ „იბერიამ“ უპირატესობა შეინარჩუნა, საბოლოოდ 3:2 მოიგო და ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.