ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „დილა“ დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში, ლიდერების შეხვედრაში თბილისის „იბერიამ“ გორის „დილა“ დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 3:2.
32-ე ტურის მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ გახსნა – „იბერიის“ თავდამსხმელმა 44-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. „დილამ“ წონასწორობა 53-ე წუთზე კურიოზული გოლით აღადგინა – გორელთა მცველმა, გიორგი გაფრინდაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, „იბერიის“ მეკარემ, გიორგი მაკარიძემ კი ბურთი ხელში ვერ დაიჭირა.
„იბერია“ 61-ე წუთზე კვლავ დაწინაურდა. გორელთა მეკარემ შეიკნე სილას დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ოთარ მამაგეიშვილს ვერაფერი მოუხერხა. „დილამ“ მალე ისევ გაათანაბრა – 69-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ მიზანს ეფექტური და ძლიერი დარტყმით მიაღწია.
შემდეგ „იბერიამ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა პენალტის დარტყმის უფლება. საჯარიმო ზუსტად იური ტაბატაძემ შეასრულა და 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „იბერია“ 67 ქულით პირველ ადგილზეა და უკვე 8 ქულამდე გაზარდა უპირატესობა მესამეადგილოსან „დილასთან“, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“ ტურის მატჩის დასრულებამდე 6 ქულით ასწრებს.