ეროვნული ლიგა | „იბერია“ ისევ  ლიდერია - ბათუმის „დინამომ“ „სამგურალთან“ თამაში ბოლო წამებზე გადაარჩინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „იბერია“ ისევ  ლიდერია - ბათუმის „დინამომ“ „სამგურალთან“ თამაში ბოლო წამებზე გადაარჩინა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა – 3:3.

მატჩის გმირი ლევან კუტალია გახდა, რომელმაც 45-ე წუთზე თედო კიკაბიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა, ხოლო 45+8-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა.

შესვენების შემდეგ ბათუმელებმა სხვაობა სწრაფად შეამცირეს. 48-ე წუთზე ონორე გომისის გადაცემით რევაზ ინჯგიამ „სამგურალის“ კარი აიღო. შემდეგ „დინამომ“ კურიოზული გოლი გაუშვა – ლუკა ქაფიანიძემ მეკარეს ბურთი დაუგორა, ლუკა ხარატიშვილს კი წინ აუხტა და კარში აღმოჩნდა.

72-ე წუთზე „დინამოს“ კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ სხვაობა ისევ შეამცირა. 90+7-ე წუთზე მასპინძლების მოთამაშე ილია ახვლედიანი გააძევეს, ხოლო ბათუმელთა თავდამსხმელმა, ჯალენ ბლესამ ზუსტი თავური დარტყმით 90+8-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. შეხვედრის ბედი 90-ე წუთზე გამოცდილმა ირაკლი სიხარულიძემ გადაწყვიტა, რომელმაც 18 წლის გიორგი ტაბატაძის ფლანგური გადაცემით ისარგებლა. ამ გოლით „სამტრედიის“ წაუგებელი სერია შეწყდა.

„იბერიამ“ (61 ქულა) ლიდერს, გორის „დილას“ (58) გადაასწრო, ბათუმის „დინამო“ (46) მე-4 პოზიციაზე დარჩა, „სამგურალი“ (32) – მე-6-ზეა, ხოლო „სამტრედია“ (26) მე-9 ადგილს იკავებს.