ეროვნული ლიგა I „დინამო თბილისმა“ გორში „დილა“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და პრინციპულ დაპირისპირებაში დიდი ანგარიშით – 0:3 დამარცხდა.
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა, რომელიც „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა, სანახაობრივი გამოდგა და მაღალ ტემპში წარიმართა. მთავარი ამბები მეორე ნახევარში განვითარდა. 61-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი კონტრშეტევა უსმანე კამარამ დააგვირგვინა და „დინამო“ დააწინაურა.
70-ე წუთზე ბანტუ მზვაკალის წაქცევისთვის „დილას“ ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდა, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების დროს გორელების თავდამსხმელზე თამაშგარე დაფიქსირდა და თერთმეტმეტრიანი გაუქმდა.
„დინამომ“ მატჩის მიწურულს უპირატესობა გაზარდა. 87-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ მარჯვენა ფლანგზე ბურთი გიორგი ხარაიშვილს გაატანა, რომელმაც კარიდან გამოსულ მეკარე ევგენ კუჩერენკოს თავზე გადაუგდო. 90+4-ე წუთზე კი დავით სხირტლაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
19 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 44 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (42) გადაასწრო და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ბათუმის „დინამოსთან“ (49) ჩამორჩენა კი შეამცირა. გორის „დილა“ (40) მეოთხე ადგილზე დარჩა.