ეროვნული ლიგა I „დილამ“ „თელავთან“ გამარჯვება ბოლო წუთებზე დაკარგა #1TVSPORT
„თელავმა“ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და წარუმატებელი თამაშების სერია ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით შეწყვიტა, 2:2.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრა მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე „დილას“ კარი ნიკა ყიფიანმა აიღო. მაგრამ 30-ე წუთზე ტიერი გეილის გადაცემით წონასწორობა ონორე გომისმა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში „დილამ“ დაწინაურება დასაწყისშივე (52-ე წუთზე) მოახერხა. რევაზ ჩიტეიშვილმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ გახსნილი ტიერი გეილი მოძებნა, რომელმაც „თელავის“ კარი აიღო და გორელები დააწინაურა.
თამაში ასეც დასრულდებოდა, მაგრამ „თელავმა“ ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მიაღწია. ლაშა ქოჩლაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ვაჟა ფაცაციამ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.
ცხრა ტურის შემდეგ „დილამ“ 11 ქულა დააგროვა და პირველი წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა, ხოლო „თელავმა“ (6) ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა და მერვე ადგილზეა.