ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ „სამტრედიასთან“ თამაში შემოატრიალა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ერთმანეთს ევროსაგზურისთვის და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ.
„გაგრა“ – „სამტრედია“ 4:3
„გაგრისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრაში მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მე-15 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი „სამტრედიის“ ჩრდილოეთმაკედონიელმა თავდამსხმელმა, ალექსანდარ მიშოვმა გამოიყენა, ხოლო სამ წუთში სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა თორნიკე ახვლედიანმა დააგვირგვინა – 0:2.
მაგრამ „გაგრამ“ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. 21-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 33-ე წუთზე ჯასტინ შონგამ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, აბდულა ხაიბულაევის (41) ეფექტური გოლით „სამტრედიამ“ ტაიმი მაინც მოიგო – 2:3.
მეორე ტაიმში „გაგრამ“ თამაში შემოატრიალა. 62-ე წუთზე ჯასტინ შონგას მოწოდებული კუთხურის შემდეგ მცველებს შალვა ბურჯანაძემ დაასწრო და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. 69-ე წუთზე კი მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ზურაბ მუსელიანმა უნაკლოდ შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
„სამგურალი“ – „დილა“ 1:0
წყალტუბოს „სამგურალმა“ შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. 28-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ნოდარ ლომინაძემ „პანენკას“ სტილში შეასრულა.
35 ტურის შემდეგ „გაგრა“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზე გადავიდა, „თელავს“ (34) გადაასწრო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, „სამტრედია“ (33) კი მეცხრე ადგილზე დაქვეითდა.
„სამგურალი“ (54) მეხუთე ადგილზეა, მესამეადგილოსან „დილასთან“ (57) ჩამორჩენა შეამცირა და ევროსაგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.