ეროვნული ლიგის მე-20 ტური „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო. „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
„კოლხეთმა“ ამ გამარჯვებით წაუგებელი სერია ხუთ შეხვედრადე გაზარდა. ანგარიში ფოთელთა თავდამსხმელმა, ლაშა კოხრეიძემ მე-6 წუთზე გახსნა. შემდეგ კი ის მე-20 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმი „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე გიორგი ქველაძის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბა ფირანაშვილმა (79) ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სამტრედიას“ ბოლო 14 მატჩი არ მოუგია და ეროვნულ ლიგაში გამართული 20 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება, ხოლო კოლხეთს 24 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა.