„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ უმასპინძლა, მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 5:1.
„დინამო არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრის დაწყებამდე თბილისელებს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდათ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საფეხბურთო კლუბი „ვორიორსი“, რომელსაც დინამოელებმა საჩუქრის სახით სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.
თბილისელებმა მეორე ტურის მატჩი „თელავთან“ 0:4 წააგეს და სრულფასოვანი რევანში აიღეს. „დინამომ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ანგარიში მე-20 წუთზე საბა ხვადაგიანმა გახსნა, 28-ეზე კი ვახტანგ სალიამ სტუმრებს მეორე ბურთიც გაუტანა – ორივე საგოლე გადაცემა კუთხურიდან ნიკა ნინუამ შეასრულა.
მეორე ტაიმში „დინამომ“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 17 წლის სალიამ მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებული თამაშის შემდეგ ვასილიოს გორდეზიანმა ეროვნულ ლიგაშიც გაიტანა.
მართალია, „თელავმა“ სერბი თავდამსხმელის, დეიან გეორგიევიჩის გოლით (77) სხვაობა შეამცირა, მაგრამ გამოცდილმა მათე ვაწაძემ თბილისელთა ოთხბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.
საქართველოს თასის ჩათვლით, ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილმა „დინამომ“ წაუგებელი თამაშების სერია 8 მატჩამდე გაზარდა და 38 ქულით მე-5 ადგილზეა, „თელავი“ (24) კი ბოლო პოზიციაზეა და ეროვნული ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.