ეროვნული ლიგა | „დილამ“ „სამგურალს“ მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
„დილამ“ გორში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა გორელებმა კარგად დაიწყეს. მე-10 წუთზე შოთა შეყილაძემ ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და გორელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე „სამგურალმა“ წონასწორობა აღადგინა. 50-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო ნიკა კალანდარიშვილმა იდეალურად შეასრულა.
გორის „დილამ“ სტუმართა წინააღმდეგობა მაინც დასძლია. 90+1-ე წუთზე „სამგურალის“ მეკარეს შეცდომა ირაკლი ბუღრიძემ არ აპატია და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
29 ტურის შემდეგ „დილამ“ 58 ქულა დააგროვა, ლიდერ „იბერიას“ (58) დაეწია და დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერი გახდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (57) მესამე ადგილზე დაქვეითდა.