ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამო“ „კოლხეთს“ დაუზავდა - ბათუმელთა გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს გაშვებას ითხოვდნენ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა (0:0), რაც გულშემატკივრების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ისინი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს წასვლას ითხოვდნენ.
ევროთასებზე წარუმატებლობის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ საშინაო შეხვედრაზე მაყურებელთა მცირე რაოდენობა მივიდა.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მათ გოლის გატანაც სწრაფადვე შეეძლოთ, მაგრამ ჯეილენ ბლესამ ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
ფოთელებმა პირველი რეალური მომენტი 27-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ერეკლე ჯიჯავაძემ ბათუმელების კარის აღება ძალიან ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით სცადა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და მიზანს ააცილა.
66-ე წუთზე „კოლხეთის“ მორიგი შეტევა გოლით დასრულდა. კოხრეიძის მცდელობის შემდეგ გიგი აბუაშვილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ კოხრეიძის მხრიდან სახიფათო თამაში დაფიქსირდა.
ბათუმელებმა მიზანს მსაჯის მიერ დამატებულ დროშიც ვერ მიაღწიეს. მატჩის ბოლო წუთებზე ტრიბუნებიდან გულშემატკივრები შეძახილებით დემჩენკოს წასვლისკენ მოუწოდებდნენ.
19 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ (21) მერვე პოზიციაზე დაქვეითდა.