დღეს საქართველოში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონი იწყება. ეროვნულ ლიგას ახალი სპონსორი და მთავარი პარტნიორი ეყოლება – საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება: კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2.
ეროვნული ლიგის მთავარ პარტნიორთან კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონია და ეროვნულ ლიგაში დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია სასტუმრო ბილტმორში გაიმართა.
ახალ პარტნიორ კომპანია კრისტალბეტთან სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გააფორმა. კონტრაქტი 2-წლიანია და ამ პერიოდში კრისტალბეთი ეროვნული ლიგის გასაძლიერებლად 2 მილიონ ლარს გადაიხდის. ეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე ძლიერი ფინანსური მხარდაჭერაა.
„მიმაჩნია, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან ჩვენი ლიგის არსებობის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი არასოდეს გაფორმებულა. იმედია, ეს ხელშეკულება სტიმული გახდება სხვა კერძო ჯგუფებისთვის“ – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
კობა გიგლემიანი, კრისტალბეთის აღამსრულებელი დირექტორი: „ქართულ ფეხბურთს მდიდარი წარსული გაააჩნია და მიმაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა, მის განვითარებას ხელი შევუწყოთ. აქვე ვიტყი, რომ ჩვენი კომპანია კატეგორიულად ემიჯნება ქართულ ფეხბურთში ფსონების მიღებას. 2 წელი ქუთაისის ტორპედოს სპონსორები ვიყავით. ანუ ქართულ ფეხბურთში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ახლა ქართულმა ფეხბურთმა გამოიღვიძა და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივრების დაბრუნებას ხელი შევუწყოთ“.
დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი: „ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის, კრისტალბეთის მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი. ჩვენი სატელევიზიო პარტნიორი წლეულსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება, რომელიც ტრადიციულად ტურის ცენტრალურ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამავე დროს, მატჩების ტრანსლაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად კი მატჩების ნახვის შესაძლებლობა გულშემატკივარს საკაბელო ტელევიზიის O2-ს საშუალებით ექნებათ, რომელსაც ახლახანს შევუთანხმდით და სეზონში 200-მდე შეხვედრას აჩვენებს.