ლიგა 4-ის გათამაშება წინა სეზონისგან განსხვავებული იქნება და კლუბების გაზრდილი რაოდენობა ითამაშებს, – გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცეს.
სხდომაზე საქართველოს საფეხბურთო ლიგების 2021 წლის სეზონის ფორმატი დამტკიცდა. ლიგა4-ის 20 გუნდი ბრმა წილისყრით (ასევე გეოგრაფიული განთესვა) ორ პირობით ჯგუფში გადანაწილდა – „თეთრსა“ და „წითელში“. აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი 8 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა „თეთრ“ და „წითელ“ ჯგუფში, წილისყრის მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელმა 12 გუნდმა, ასევე ბრმა წილისყრის პრინციპით 10-მდე შეავსო „თეთრი“ და „წითელი“ ჯგუფები.
წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
„თეთრი“ ჯგუფი
1. იბერია თბ
2. დინამო 2 თბ
3. შტურმი
4. ვიტ ჯორჯია 2
5. „ბ“ ჯგუფის II ადგილოსანი
6. ტორპედო 2
7. ოდიში
8. ბეთლემი
9. ზესტაფონი
10. სამეგრელო
,,წითელი“ ჯგუფი
1. თბილისი
2. ბორჯომი
3. ირაო
4. ალგეთი
5. ეგრისი
6. იმერეთი
7. სქური
8. სულორი
9. „ბ“ ჯგუფის I ადგილოსანი
10. მარგვეთი 2008
ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე ჯგუფებში გუნდები ითამაშებენ ორ წრედ (18 მატჩი). მეორე ეტაპზე „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის პირველ ხუთი გასული კლუბი ათგუნდიან ჯგუფს შეადგენენ („ზედა ჯგუფი“), ხოლო ბოლო ხუთ ადგილზე გასულები ათგუნდიან „ქვედა ჯგუფში“ მოხვდებიან.
გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ ისეთ გუნდებთან მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) კლუბები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე მათი თანაჯგუფელები არ იყვნენ.
„ზედა“ ჯგუფის პირველი ოთხი გუნდი ლიგა 3-ის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. „ქვედა ჯგუფის“ ბოლო ოთხი გუნდი ლიგა 4-ს დატოვებს და რეგიონულ ლიგაში გადაინაცვლებს, ხოლო რეგიონული ლიგის გათამაშებიდან ლიგა 4-ის საგზურს ორი გუნდი მიიღებს და 2022 წელს ლიგა 4-ში 16 გუნდი ითამაშებს.
რაც შეეხება ლიგა 3-ის გათამაშებას, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზარდა, ტურნირი ორ წრედ ჩატარდება. პირველი ადგილი პირდაპირ მოიპოვებს ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, მე-2-მე-3-ადგილოსნები კი ორმატჩიან პლეი ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მერვე და მეცხრე ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, მე-13, მე-14 ადგილოსნები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან, ხოლო ლიგა 3-ის საგზურს ლიგა 4-ის ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს და 2022 წელს ლიგა 3-ში 16 გუნდი ითამაშებს.