ეროვნულ საფეხბურთო ლიგა-2-ში მე-9 ტურის ოთხო მატჩი გაიმართა. წყალტუბოს ”სამგურალმა” ქობულეთის ”შუქურა” მიიღო. მასპინძლები 85-ე წუთამდე აგებდნენ, როდესაც გოდვინ კონიეჰას გოლი პენალტით გაგა ჩხეტიანმა გაქვითა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე (90+4) კი ბაქარ ლაღაძემ ”სამგურალს” გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ”შევარდენი 1906”-მა ერთ-ერთ ლიდერს, ”გაგრას” უმასპინძლა და ქულა წაართვა, თუმცა მეტიც შეეძლო. გოგიტა გოგატიშვილმა (7 წთ) სტუმრები დააწინაურა. ”შევარდენმა” თამაშის შემოტრიალება მოახერხა: 71-ე წუთზე, შოთა ჯიქიამ დავით ოდიკაძის გადაცემით გაიტანა, ხოლო 4 წუთში ვეტერანმა ფეხბურთელმა გუნდი თავად დააწინაურა 2:1. აქაც გადამწყვეტი გოლი დამატებულ დროში გავიდა: რატი ცაცკრიალაშვილმა 90+3-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე ზუსტად გაისროლა და მატჩი 2:2 დასრულდა.
”თელავი” ”მცხეთა პარკზე” ”ცხინვალს” ესტუმრა და გიორგი ხარებაშვილის გოლით (19 წთ) მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა 1:0. ”ნორჩი დინამო” კი გათამაშების ლიდერს, ”ვიტ ჯორჯიას” მასპინძლობდა და მე-9 წუთზე კახა კაკაშვილის შორეული დარტყმით დაწინაურდა. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც მორჩა – 1:0.
დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, ”ვიტ ჯორჯიამ” 18 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ ”გაგრა” ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ”ნორჩი დინამო” კი (15 ქულა) სამეულში დაწინაურდა.