საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 10 სექტემბრიდან განახლდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მაყურებლის გარეშე ჩატარებაა დასაშვები. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა „სამტრედია“ – „ლოკომოტივი“, ჩემპიონატის შეჩერებამდე ერთი დღით ადრე, 13 აგვისტოს გაიმართა.
რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ს, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება, ხოლო ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები 14 სექტემბერს ჩატარდება.