ეროვნული ბანკი – დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

18:42, 25.01.2022

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი იანვრისთვის 37.16 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.42 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 191.41 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.22 მლრდ ლარით, ანუ 6.00%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 40.04 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.37% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.89%, ხოლო ევროს წილმა 15.63% შეადგინა.

მსგავსი