ეროვნული არქივის მასალით თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების არქიტექტურის შესახებ წიგნი გამოიცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მასალის საფუძველზე სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა, თამთა შონვაძემ მოამზადა პუბლიკაცია „XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი არქიტექტურა თბილისში“.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, წიგნში წარმოდგენილი და გაანალიზებულია 1850-1920-იან წლებში თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთი ნაწილის არქიტექტურასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. კვლევას საფუძვლად უდევს შენობების საპროექტო დოკუმენტები, გრაფიკული და წერილობითი მასალა, ფოტოები.
მათივე ცნობით, გამოცემა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/xix-saukunis-mere-nakhevrisa-da-xx-saukunis-dasatsqisis-saganmanatleblo-datsesebulebebi-da-mati-arkitektura-tbilisshi-1