ეროვნულ ლიგაში „თელავმა“ გორის „დილა“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში მორიგი გამარჯვება გორის „დილასთან“ მოიპოვა (2:1) და წარმატებული თამაშების სერიით გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს საგრძნობლად გაასწრო.
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელსაც „კავკასიონი არენამ“ უმასპინძლა, ანგარიში გორელებმა მე-5 წუთზე გახსნეს. „დილას“ თავდამსხმელმა, ონორე გომისმა მასპინძლების კარი ფლანგიდან მიღებული გადაცემის შედეგად აიღო.
„თელავმა“ იბრძოლა და 42-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით მიზანს მიაღწია. წონასწორობა გუნდის კაპიტანმა, ირაკლი რუხაძემ აღადგინა. გუნდმა გამარჯვების გოლიც სწრაფი შეტევის შემდეგ გაიტანა. 90+5-ე წუთზე თელაველებმა მეტოქის კართან ბურთი წამებში მიიტანეს და გურამ გოშთელიანის ზუსტი დარტყმით 3 ქულა მოიპოვეს.
„თელავმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ეროვნული ლიგის მესამე წრე 30 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, ხოლო გორის „დილა“ 44 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა.