ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა - „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ წაუგებელია სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეცხრე ტური და პირველი წრე გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ ტურის ცენტრალური მატჩით დასრულდა – მეორეადგილოსანმა „დილამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და ბოლო წუთამდე დაძაბულ შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა.
პირველი ნახევარი გორელებმა უკეთ დაიწყეს და ანგარიში გახნეს. სწრაფი კომბინაცია ირაკლი ბუღრიძემ განავითარა და კარის წინ პაატა ღუდუშაურს უპასა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.
26-ე წუთზე ბუღრიძის შეტევის შემდეგ მასპინძლებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ბათუმელები მეკარე ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა.
ბათუმელებმა მხოლოდ ამის შემდეგ შექმნეს სახიფათო მომენტები. გოგა ჩაბრაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ, გიორგი ფანცულაიამ მაკრატელათი სცადა გატანა, მაგრამ მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა საიმედოდ ითამაშა. სახიფათო იყო ლადო მამუჩაშვილის შორეული დარტყმა და გუგეშაშვილი მასაც გადაეღობა, მაგრამ მთლიანობაში, გორელები უკეთ გამოიყურებოდნენ.
მეორე ტაიმი ბათუმელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და 51-ე წუთზე „დილა“ გადარჩა – გია მანჯგალაძის დარტყმის შემდეგ გუგეშაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. საერთოდ, გორელთა მეკარე მოედანზე საუკეთესო იყო და მე-60 წუთზე მამუჩაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ გუნდი გოლისგან კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
გორელები კონტრშეტევაზე თამაშობდნენ და 85-ე წუთზე ძალიან სახიფათოდ შეუტიეს – შორიდან ძლიერად ვარნდერსონ სილვამ დაარტყა, მაგრამ კარის ბადე მხოლოდ გარედან შეარხია. თუმცა, გორელებმა მეორე მაინც გაიტანეს. რევაზ ჩიტეიშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ნიკა გაგნიძემ ძალიან ეფექტურად დაარტყა.
ბათუმელებმა სხვაობა მაინც შეამცირეს – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „დილამ“ 2:1 მოიგო და ბათუმელთა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
ამ მატჩით ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა, რომლის ჩემპიონიც „დინამო თბილისი“ გახდა, ბათუმის „დინამო“ 18 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო გორის „დილა“ 17 ქულით მესამეა.
ეროვნული ლიგის შემდეგი, მეათე ტური შაბათს, 24 აპრილს დაიწყება. ტურის ცენტრალურ შეხვედრას „დინამო-არენა“ უმასპინძლებს, სადაც „ლოკომოტივი“ „საბურთალოს“ მიიღებს.
დილა – დინამო ბთ 2:1
17.04. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“
გოლები: 1:0 ღუდუშაური (23. ბუღრიძის პასი), 2:0 ნ. გაგნიძე (89. ჩიტეიშვილის პასით), 2:1 მამუჩაშვილი (90+5. პ)
დილა: გუგეშაშვილი – ალეფ სანტოსი (71. ჩიტეიშვილი), ეტოუ, ჭიჭინაძე, ვანდერსონ სილვა – ნ. გაგნიძე, ბიძინაშვილი (71. მოსიაშვილი), ამოს ნონდი – თ. კაპანიძე, ღუდუშაური (59. კამარა), ბუღრიძე (66. წოწონავა)
დინამო ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე (71. ჩუკვურა), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (79. გროზურეკი), მანჯგალაძე – ჯიღაური, ნიქაბაძე (55. მჭედლიძე), ფანცულაია (70. ზარია)
გაფრთხილებები: სანდრო ალთუნაშვილი (21), ნონდი (33), თ, კაპანაძე (34), აზაროვი (83).