ეროვნულ ლიგაში ორი გუნდი ლიდერობს - „დინამო თბილისმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა 4:0.
„დინამო არენის“ რეაბილიტაციის გამო თბილისელებმა მეტოქეს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლეს და კომფორტული უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ორბურთიანი სხვაობით წინ გასვლა პირველ 14 წუთში მოახერხა.
17 წლის გაბრიელ სიგუამ (მე-10 წუთზე) მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა. მე-14 წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი მოისწრაფიშვილმა ძალიან ეფექტურად გამოიყენა და „დინამო“ 2:0 დაწინაურდა.
მეორე ნახევარში „სამტრედიას“ კარის ბადე კიდევ ორჯერ შეირხა. მესამე გოლი ულად-ომარ იმრანმა (81) გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ზორან მარუშიჩმა (90+4) დააფიქსირა 4:0.
2 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გუნდია ლიგაში – „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“, რომლებსაც ქულები არ დაუკარგავთ და 6-6 ქულით ლიდერობენ, ხოლო „სამტრედია“ 3 ქულით მე-5 ადგილზეა.