ეროვნულ ლიგაში ხუთი შეცვლა დაუშვეს - მესამე და მეოთხე ლიგებში გუნდების რაოდენობა შეიცვალა
ეროვნულ ლიგაში ხუთი შეცვლა დაუშვეს - მესამე და მეოთხე ლიგებში გუნდების რაოდენობა შეიცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. ეპიდვითარების გათვალისწინებით აღმასკომის წევრებმა საკითხების შესახებ ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, აღმასკომის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-სა და ლიგა 4-ს შეეხო. აღმასკომის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს (იყო 10), ლიგა 4-ში კი – 20 (იყო 16).

გუნდების ინიციატივით აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს.

​ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე 2021 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

აღმასკომმა 2020 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილა, ასევე, 2021 წელს დაგეგმილ პროექტებსა და მასში ფიფა-სა და უეფა-ს ჩართულობას შეეხო. აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მიმართავს, ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა.

ამ პროექტის მიხედვით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშენებელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურსაფარიან მოედანს მოიცავს.