ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ორივე თბილისში. „გაგრა“ გორის „დილას“ დაუზავდა, ხოლო „დინამო თბილისი“ – ქუთაისის „ტორპედოს“.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „გაგრამ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, ევროსაგზურისთვის მებრძოლ მეტოქეს კი 2 ქულა დააკარგვინა.
„დინამო არენაზე“ გამართული „ქართული კლასიკო“ კარგ ტემპში დაიწყო. თბილისელთა შორის ხორვატმა ახალწვეულმა, შემტევმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ სადებიუტო თამაში ჩაატარა. პირველ ტაიმში გიორგი არაბიძის გადაცემით ანგარიშის გახსნა ირაკლი ბუღრიძეს შეეძლო, მაგრამ მან ბურთი ძელს მოარტყა.
„დინამოს“ ლეგიონერმა, უსმანე კამარამ კი 41-ე წუთზე პირველივე რეალური მომენტით ანგარიში გახსნა. მოგვიანებით ბუღრიძემ გოლის გატანა მაინც მოახერხა. „ტორპედოს“ თავდამსხმელმა 53-ე წუთზე ბოლომდე იბრძოლა, ორ მცველს შორის გაძვრა და ზუსტად დაარტყა – 1:1. ბუღრიძეს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ 88-ე წუთზე მისი დარტყმული გიორგი ლორიამ აიღო.
„დინამო თბილისმა“ 48 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (52) სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (38) მე-6 ადგილზე დარჩა და წყალტუბოს „სამგურალის“ (39) გადასწრებისა და გორის „დილასთან“ (41) ჩამორჩენის შემცირების შანსით ვერ ისარგებლა.
25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. „სამტრედია“ ქობულეთის „შუქურას“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ უმასპინძლებს. წყალტუბოს სტადიონზე ბალახის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო, „სამგურალი“ ისევ ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ დაბრუნდება და „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.