ეროვნულ ლიგაში ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ აუტსაიდერ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „გაგრას“ უმასპინძლა და, დიდი უპირატსობის მიუხედავად, სენსაციური მარცხი განიცადა – 0:1.
საქართველოს ჩემპიონი ფავორიტად მიიჩნეოდა შეხვედრაში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა, რადგან ბათუმის ახალ არენაზე ბალახის საფრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, სტუმრებმა კარი „მშრალად“ შეინახეს და 89-ე წუთზე მასპინძლებს გაუტანეს. თამაშის ბედი მათე ვაწაძემ გადაწყვიტა – გამოცდილი თავდამსხმელი საჯარიმოსთან მცველს გასცდა და ზუსტი დარტყმით „გაგრას“ გამარჯვება მოუტანა.
ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ (7) ერთი ადგილით დაწინაურდა და მეცხრე პოზიციაზეა.