საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურში გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიში 58-ე წუთზე გახსნეს – გორელთა საუკეთესო ბომბარდირმა, მიკოლა კოვტალიუკმა კუთხურიდან გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა. ხუთ წუთში გიორგი ნემსაძის გუნდის უპირატესობა 20 წლის ნიკა გაგნიძემ ორამდე გაზარდა. მესამედ თბილისელთა კარი ეფექტური გოლით „დილას“ ახალწვეულმა, ირაკლი ლექვთაძემ აიღო. 85-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და მიმდინარე სეზონში გატანილი 5 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
გორის „დილამ“ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სულ მცირე კვირამდე გალიდერდა, „მერანი“ კი სამი ქულით მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
მე-5 ტური ქართული „კლასიკოთი“ დასრულდება – კვირას, 12 ივლისს, ქუთაისის „ტორპედო“ „რამაზ შენგელია – არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.