ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ფრე არც ერთ მატჩში არ დაფიქსირებულა, ერთში კი სტუმრებმა გაიმარჯვეს.
დინამო (ზგ) – მერანი (თბ) 1:0
განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა გაიმარჯვეს – ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე 21 წლის სამხრეთაფრიკელმა თავდამსხმელმა მელქისედეკ ცვალემ გაიტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა.
შუქურა – ვიტ ჯორჯია 3:0
ფოთის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურამ“ ისევ დამაჯერებლად მოიგო. ამჯერად რევაზ გოცირიძის გუნდმა დიდი ანგარიშით „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა. ლევან ინგოროყვამ დუბლი (89 წთ – პენალტი, 90+2) შეასრულა, ხოლო ერთიც ნიკოლოზ ბაშელეიშვილის (35) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ „შუქურამ“ ორ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ გალიდერდა.
სპაერი – შევარდენი 1906 1:2
„სპაერი“ საკუთარ სტადიონზე „შევარდენთან“ დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა თომა ხუბაშვილის (10) გოლით გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს – თავი ბექა შუბითიძემ (22) გამოიჩინა, მაგრამ უკრაინელმა ნახევრამცველმა ევგენი ლოზოვმა (25) „შევარდენს“ გამარჯვება მოუტანა.
მე-2 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 8 და 9 მარტს გაიმართება:
სამშაბათი, 8 მარტი
15:00 მერანი (მრ) – გარეჯი
ოთხშაბათი, 9 მარტი
15:00 რუსთავი – სამტრედია