ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგად ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა.
პირველადგილოსანი ბოლნისის „სიონი“ „სპაერს“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და პირველობა დაკარგა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, საბა გეგიაძემ გაიტანა – ეს მიმდინარე სეზონში მისი მეექვსე გოლია.
ლიდერის მარცხით „რუსთავმა“ ისარგებლა, რომელმაც საგარეჯოში „გარეჯს“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მათე ქომეთიანმა მე-10 წუთზე გაიტანა, გუნდს სამი ქულა მოუტანა და პირველ ადგილზე დააბრუნა.
ასევე დამარცხდა ერთ-ერთი ლიდერი „დინამო თბილისი 2“, რომელსაც დუშეთის „არაგვმა“ სძლია 3:2. თენგიზ ბრეგვაძემ დუბლი (38, 79) შეასრულა, ერთი ბურთი გიორგი ვასაძემ (60) გაიტანა. თბილისელთაგან თავი გიორგი გვიშიანმა (46) და დავით გოცირიძემ (77) გამოიჩინეს.
გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიამ“ სართიჭალის „შტურმს“ უმასპინძლა და შაქრო დვალიშვილის (19), ამირან ძაგანიასა (82) და ნიკა კეწელაშვილის (90+3) გოლებით 3:1 დაამარცხა. სართიჭალელთაგან გოლი გურამ ლუკავას (71) ანგარიშზეა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „ლოკომოტივმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა – უხვგოლიანი მატჩი ფრედ – 3:3 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები მამია გავაშელიშვილმა (45+2. პენალტი), ლაშა მენთეშაშვილი (63) და სანდრო შეწირულმა (74) გაიტანეს, ხოლო ხობელებიდან – გია აფხაზავამ (71, 90+6) დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ზურაბ ლატარიას (50) ანგარიშზეა.
ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ „რუსთავი“ 30 ქულით პირველ ადგილზეა, „სიონს“ 29 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, „დინამო თბილისი 2“-ს 27 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა .
ლიგა 2-ის გათამაშება 31 ივლისს განახლდება.