სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში თამაშები განახლდა. ლიგა 2-ში დღეს მე-4 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივეში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
„ცხინვალმა“ „მცხეთა პარკზე“ გათამაშების ლიდერს, წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და კობა შალამბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა.
ამით ისარგებლა „გაგრამ“, რომელიც ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „ნორჩ დინამოს“1:0 მოუგო. ერთადერთი გოლის ავტორი ნუგზარ სპანდერაშვილია: „გაგრას“ დებიუტანტი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე გაიტანა.
ხვალ, 30 მარტს, ეროვნულ ლიგა 2-ში კიდევ სამი მატჩი გაიმართება: მარტვილის „მერანი“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, „თელავი“ – „ვიტ ჯორჯიას“, ხოლო ბათუმის „დინამო“ „შევარდენი 1906“-ს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონიდან „თელავი“ – „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 16:00 საათზე შემოგთავაზებთ.