ერიქსენმა „ინტერს“ 97-ე წუთზე მოაგებინა - „მილანი“ იტალიის თასს გამოეთიშა [ვიდეო]
26 იანვარს, იტალიის თასზე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მილანურ დერბიში ერთმანეთს „ინტერი“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. საბოლოო ჯამში კი ნახევარფინალის საგზური კონტეს გუნდმა მოიპოვა.
გუნდებმა თამაში თანაბარად დაიწყეს, მაგრამ მცირე უპირატესობა „ინტერს“ ჰქონდა. 31-ე წუთზე მეიტეს მიერ საჯარიმოსკენ თავით ჩაგდებული ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიუვიდა, რომელმაც ჰანდანოვიჩს შორეულ, დაბალ კუთხეში დაურტყა და თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს გუნდებს შორის დაძაბულობამ იმატა – ლუკალუს წინააღმდეგ რომანიოლიმ უხეშად ითამაშა, რამაც ბელგიელი ფორვარდი გააღიზიანა, საქმეში იბრაჰიმოვიჩიც ჩაერთო და ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ზლატანი და ლუკაკუ გააფრთხილა და ყვითელი ბარათები უჩვენა.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა კოლაროვის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. შვედმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამ მომენტმა „ინტერის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 68-ე წუთზე ბარელა მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა თავიდან თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მაგრამ შემდგომ საქმეში VAR ჩაერთო და „მილანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ გოლად აქცია. ბოლო წუთებში კონტეს გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 97-ე წუთზე კი „ინტერის“ დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა ჯარიმიდან ულამაზესი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა 2:1.
„დერბი დელა მადონინა“ „ინტერის“ გამარჯვებით დასრულდა. „მილანი“ კი იტალიის თასს დაემშვიდობა. კონტეს გუნდი ნახევარფინალში „იუვენტუსისა“ და „სპალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, მატჩი 27 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მილანური გუნდები იტალიის სერია A-ში პირველ და მეორე ადგილს იყოფენ. 19 ტურის შემდეგ „მილანს“ 43 ქულა აქვს და „ინტერს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.