ერევნიდან უეფა-ს განვითარების თასი თბილისში წამოვიდა - ქართველმა 15-წლამდელებმა სომხეთი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
ერევნიდან უეფა-ს განვითარების თასი თბილისში წამოვიდა - ქართველმა 15-წლამდელებმა სომხეთი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში უეფა-ს განვითარების თასის გათამაშება ჩინებულად დაასრულა, ფინალში მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ქართველმა 15-წლამდელებმა მასპინძელთა შეტევები მოიგერიეს, ადგილობრივი გულშემატკივრების ზეწოლასაც გაუძლეს და 37-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. „საბურთალოს“ მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, გზად სამი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში მოცელეს. სომხეთის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი „დინამო თბილისის“ მცველმა გიგი გლუნჩაძემ უნაკლოდ გამოიყენა და ტურნირზე თავი მეორედ გამოიჩინა.

მეორე ტაიმის 67-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში გიორგი გვასალიამ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი თორნიკე გულიაშვილისკენ წავიდა, რომელმაც მიმართულება შეუცვალა და გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2.

ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა წინა მატჩებში მოუგო ლიბანს (3:1) და მოლდოვასთან ფრე (2:2) ითამაშა, ამ მოგებით კი, გიორგი ჩიტაურის გუნდმა 7 ქულა დააგროვა, სომხეთს გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ საუკეთესოების დაჯილდოება გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი აღიარეს.