ექვსი წლის შემდეგ საქართველოში - „დინამოს“ „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი გრანტი ესტუმრა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას სპეციალური მოწვევით გუნდს ცნობილი ებრაელი სპეციალისტი ავრაამ გრანტი ესტუმრა.
„ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტის შეხვედრა „დინამოს“ აკადემიაში გუნდის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოგვიანებით კი მთავარი გუნდის ბაზაზე ავრაამ გრანტი დინამოელთა ვარჯიშს დაესწრო და გიორგი ჭიაბრიშვილს გაესაუბრა“, – წერია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
68 წლის სპეციალისტმა 1994/95 წლებში თელ-ავივის „მაკაბი“ ისრაელის ჩემპიონობამდე მიიყვანა, ხოლო 2000/01 და 2001/02 წლებში – ჰაიფას „მაკაბი“. მისი ხელმძღვანელობით „ჩელსი“ 2007/08 სეზონში გახდა ინგლისის და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, ბელგრადის „პარტიზანი“ – სერბეთის ჩემპიონი (2011/12), ხოლო განას ეროვნული ნაკრები – აფრიკის ვიცე-ჩემპიონი (2015). ამჟამად გრანტი ზამბიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია.
საინტერესოა, რომ გრანტი პირველად საქართველოს 2017 წელს ესტუმრა, თბილისში იმყოფებოდა და გორის „დილას“ გულშემატკივრობდა. ცნობილი ებრაელი სპეციალისტი 18 მარტს „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრო, რომელშიც თბილისის „დინამომ“ „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„გორის „დილას“ მეწილეები ჩემი მეგობრები არიან და მათი გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვედით. გამიხარდა, ასეთი პრინციპული შეხვედრა რომ მოიგეს“, – ეს გრანტმა 2017 წელს მატჩის შემდეგ გამართულ იმპროვიზებულ პრესკონფერენციაზე თქვა.