ექვსი ერის გახსნით შეხვედრაში უელსმა შოტლანდია გაანადგურა
ექვსი ერის გახსნით შეხვედრაში უელსმა შოტლანდია გაანადგურა

ექვსი ერის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს უელსი და შოტლანდია დაუპირისპირდნენ. მატჩი კარდიფში, “ფრინსიფალითი სთედიუმზე” (ყოფილი “მილენიუმი”) გაიმართა.

შეხვედრის საწყის წუთებში სტუმრები კარგად უტევდნენ, თუმცა ალი პრაისის გადაცემა დევისმა ჩაჭრა და უელსი წინ გაიყვანა – 7:0.

მალევე “დრაკონებმა” მეორე ლელოც მიითვალეს. მე-13  წუთზე საკუთარი ნახევრიდან  ბურთი ხელდახელ წამოიღეს, თუმცა, ლელოს ხაზთან ახლოს, ალუნ ვინ ჯონსის გადაცემა სტეფ ევანსმა ვერ აიღო და ეპიზოდი შოტლანდიელთა შერკინებით დასრულდა. ხუთმეტრიან შერკინებაში ბურთის შეყვანისას პრაისმა შეცდომა დაუშვა და ბურთი უელსელებს გადაულოცა. რამდენიმე ფაზის შემდეგ ლელო ლი ჰალფპენიმ დადო და თავადვე გარდასახა 14:0.

ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. შოტლანდიელები შეტევას ცდილობდნენ, თუმცა  ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ და ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში, ლი ჰალფპენიმ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სხვაობა 20 ქულამდე გაზარდა.

კომფორტული უპირატესობის მოპოვების შემდეგ ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ და მეტოქის ნახევარზე დაბანაკდნენ.

61-ე წუთზე ლი ჰალფპენიმ დუბლი გაიფორმა და გარდასახვაც გაიტანა. ამ დროისათვის უელსელთა მიერ მოპოვებული 27 ქულიდან 22 სწორედ ფულბეკის ანგარიშზე იყო.

73-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი შესანიშნავი ლელო დადეს. ხაზზე ჩათამაშების შემდეგ ჰედლი პარკსმა ევანსს გადაცემა არ დაუგვიანა. სტეფ ევანსმა პასი მიიღო, მაღალი სისწრაფე განავითარა და ათლეტური ნახტომის შემდეგ ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 34:0.

შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთი იყო დარჩენილი, როდესაც შოტლანდიელებმა პირველი ქულები მოიპოვეს. ლელო პიტ ჰორნმა დადო და ფინ რასელმა გარდასახა.

საბოლოო ანგარიში 34:7.

სათამაშო დღის მეორე მატჩში საფრანგეთი ირლანდიას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ექვსი ერის პირველი ტური კი ხვალ იტალიისა და ინგლისის დაპირისპირებით დასრულდება.