ექვსი ერის მეორე ტური ირლანდიისა და იტალიის დაპირისპირებით გაიხსნა. ირლანდიელები, ინგლისთან ერთად, ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები არიან და მათ ეს სტატუსი სრულად გაამართლეს.
პირველ ტაიმში ჯო შმიდტის გუნდმა მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო დაუდო (ჰენშოუ 10′, მარი 13′, აკი 28′, ერლსი 34′), რომლებიც სექსტონმა უშეცდომოდ გარდასახა და მასპინძლები 28 ქულით დაწინაურდნენ.
პირველ ტაიმში დადებულ ოთხ ლელოს ირლანდიამ, შეხვედრის მეორე ნახევარში ამდენივე მიუმატა (ჰენშოუ 43′, ბესტი 52′, სტოკდეილი 59′, 69′,), თუმცა კომფორტული უპირატესობის მოპოვების შემდეგ ისინი დაცვაში მოდუნდნენ და საპასუხოდ სამი ლელო მიიღეს (ალანი 55′, გორი 65, მინოცი 74′). საბოლოო ანგარიში – ირლანდია 56 – 19 იტალია.
ტურის მეორე შეხვედრა ინგლისში გაიმართა. ინგლისელთა და უელსელთა დაპირისპირება გულშემატკივარში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თამაშში სულ ორი ლელო დაიდო, ჯონათამ მეი დუბლი პირველ 15 წუთში მიითვალა და ორივე შემთხვევაში უდიდესი როლი ოუენ ფარელმა ითამაშა. პირველ ტაიმში უელსელებიც ახლოს იყვნენ ლელოსთან, თუმცა ჰედლი პარკსმა ბურთის საფუძვლიანად დამიწება ვერ მოახერხა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ვიდეო რეფერიმ ლელო არ ჩათვალა. ინგლისი 12:6 უელსი.
კვირას, ერთმანეთს შოტლანდია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ფრანგებმა მე-10 წუთისათვის 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მასპინძლებმა შვიდი ქულა მე-12 წუთზევე გაქვითეს (მეითლენდი). ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს, თუმცა მაშნომ ლელოებს ორი საჯარიმო მიუმატა და სტუმრები 6 ქულით იგებდნენ – 14:20. მეორე ტაიმში ლელო აღარ დადებულა, თუმცა მასპინძლებმა ფრანგების ორი ჯარიმის პასუხად 6 გაიტანეს და შეხვედრა 32:26 მოიგეს.
ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს 9 ქულით ირლანდია იკავებს. ამდენივე ქულით მეორეზე ინგლისელები არიან. უელსს 6 ქულა აქვს, შოტლანდიას 4. ფრანგებმა ორივე წაგებულ შეხვედრაში მოახერხეს ბონუს ქულის მოპოვება და შესაბამისად მათ ანგარიშზე 2 სატურნირო ქულაა. ბოლო ადგილს კი 0 ქულით იტალია იკავებს.