ექსკლუზივი | ვლადიმერ სტეფანია - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საამაყოა, კალათბურთს სხვა დარგების წარმომადგენლებმაც უნდა მიბაძონ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ვლადიმერ სტეფანია - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საამაყოა, კალათბურთს სხვა დარგების წარმომადგენლებმაც უნდა მიბაძონ #1TVSPORT

25 აგვისტოდან მსოფლიოს ყურადღება საკალათბურთო მუნდიალისკენ იქნება მიპყრობილი. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონია-ფილიპინები-ინდონეზიაში იმართება, საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.

ჩვენს გუნდს ქომაგი არ აკლია, ერთ-ერთია ნაკრების ყოფილი ცენტრი, პირველი ქართველი NBA-ელი, ვლადიმერ სტეფანია. ვოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი მოკლე ისტორიული ექსკურსით დაიწყო.

„საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა, თუმცა, შემადგენლობის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ნამდვილად იმსახურებს ასეთი დონის ტურნირზე თამაშს.

დაუჯერებელია პროგრესი, რაც საქართველოს ნაკრებმა განიცადა ბოლო 20 წელიწადში. 90-იან წლებში გუნდში რომ ვთამაშობდი, ვარჯიში გვიწევდა უშუქობაში, არ გვქონდა მოსამზადებელი პირობები, ოფიციალური მატჩების წინ შეკრების გავლას ვერ ვახერხებდით.

კალათბურთელებმა, რომლებიც მაშინ ნაკრებში თამაშობდნენ, შესაძლოა, პირობების არქონის გამო მაღალ შედეგებს ვერ მიაღწიეს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს საქართველოს ნაკრებისთვის. რომ არა მათი თავდადება, დღეს ასეთი გუნდი არ გვეყოლებოდა.

ისევე, როგორც ყველა ქართველი, მეც სიამაყით ველი ჩვენი ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას.

კალათბურთი მაგალითად უნდა იქცეს საქართველოს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის. კულტურა იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა… 20 წელიწადში კალათბურთის ნაკრებმა იმდენს მიაღწია, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან ერთან თავაწევით დგას მსოფლიო ჩემპიონატზე“.

ვლადიმერ სტეფანიმ კარიერის დიდი ნაწილი სლოვენიაში გაატარა. ბევრ სლოვენიელ ვარსკვლავთან მეგობრობს. როგორც თავად გვითხრა, სლოვენიის ნაკრების მატჩებსაც თვალს ადევნებს.  საინტერესოა მისი მოსაზრება საქართველოს ნაკრების მეტოქეზე. სლოვენიას ხომ 28 აგვისტოს ვეთამაშებით.

„მთავარი შეკითხვაა – ვინ დაიჭერს ლუკა დონჩიჩს? მისი შეჩერება NBA-შიც ძალიან უჭირთ. თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ სლოვენიასთან შანსი არ გვაქვს. დონჩიჩი განსაკუთრებით საშიშია კრიტიკულ მომენტში. თუ საქართველოს ნაკრებმა თავიდანვე მოიპოვა მცირე უპირატესობა, 10 ქულით დაწინაურდა და ასევე მივიდა ბოლომდე, მარტო დონჩიჩი თამაშს ვერ მოიგებს. მას კარგი თანაგუნდელები ჰყავს, თუმცა, თუ დაცვაში სწორად დავუდექით, წარმატების მიღწევა შეიძლება. სლოვენიასთან კარგი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მეტოქეების ძალების გათვალისწინებით ჯგუფიდან გასვლის მთავარი ფავორიტები საქართველო და სლოვენია იქნებიან“.

სტეფანია ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა. მან საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა საქართველოს დღევანდელი ნაკრების წინა ხაზზე.

„ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელები გვყავს. მამუკელაშვილმა და ბითაძემ NBA-ში თავიანთ კლუბებთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათზე იმედებს ამყარებენ. განსაკუთრებით გამიხარდა სანდროს „სან ანტონიოში“ დარჩენა. ამ გუნდში კალათბურთელს პროფესიულად ზრდის საუკეთესო შანსი აქვს. ახლაც მახსენდება მამუკელაშვილის თამაში შარშან, თურქეთთან, თუმცა ასევე მახსენდება ლეგენდარული მწვრთნელის, ჟელკო ობრადოვიჩის ნათქვამი: კალათბურთელი პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, 100 მატჩს რომ ითამაშებსო. არ იგულისხმება 10-წუთიანი თამაშები – ევროპაში თუ გამოდის, ევროლიგაზე 100 მატჩს მაღალ დონეზე რომ ითამაშებს, სწორედ მაშინ შეიძლება ითქვას, ევროპული დონის კალათბურთელიაო. ასევეა NBA-ში. მამუკელაშვილსა და ბითაძეს ის 100 მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ, კარგად მიდიან და იმედი მაქვს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მალე დაიმკვიდრებენ ადგილს.

რაც შეეხება კიდევ ორ წინახაზელს, გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას, ისინი დიდი ხანია გადასცდნენ 100 „დიდ“ მატჩს. მაღალი ევროპული დონის კალათბურთელები არიან. მათზე მსოფლიო ჩემპიონატზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. ამ შეჯიბრებას დიდი იმედით ველი“.