შვედეთთან ტრავმირებული კვარაცხელია ესპანეთთან მზად იქნება #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა შვედეთთან 0:1 წააგო.
ბევრისთვის მოულოდნელი იყო ცვლილება, რომელიც ვილი სანიოლმა შეცვლაზე განახორციელა – პირველ ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ამ ცვლილების შესახებ უსიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიზეზი ჩვენი ნაკრების მოთამაშის ტრავმა გახდა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო“, – წერია ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილია, რამდენად სერიოზულია კვარაცხელიას ტრავმა. აღმოჩნდა, რომ ხვიჩამ ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ თავში ტკივილები იგრძნო და თამაშის გაგრძელება ამიტომ ვერ მოახერხა. ანუ გავრცელებული ხმები, რომ სანიოლი მისი თამაშით უკმაყოფილო იყო, არასწორია.
ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია 28 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთს თბილისის „დინამო-არენა“ უმასპინძლებს? საქართველოს პირველი არხის ცნობით, სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ხვიჩა დღეს დაისვენებს და ხვალ ივარჯიშებს, ესპანეთამდე კი თამაში უნდა შეძლოს.