ექსკლუზივი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიას შეხვდება - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან მოხვდა. წილისყრა 29 აპრილს გაიმართა და მას კალათბურთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისაც დაესწრო. მან კარიერის დიდი მონაკვეთი სლოვენიაში გაატარა და საინტერესოა მისი მოსაზრება სლოვენიის ნაკრებისა და, ზოგადად, წილისყრის შესახებ.
„ჯგუფის ყველა წარმომადგენელი გახარებულია. ისეთი შემადგენლობაა შეკრებილი, მომდევნო ეტაპზე გასვლა ყველას შეუძლია. არ არის გამოკვეთილი ორი ლიდერი, რომელსაც კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ცხადია, ქართული დალეგაციის წევრებიც კმაყოფილები გამოვბრუნდით.“
ფავორიტი პირველი კალათის წარმომადგენელი სლოვენიაა, რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი თამაშობს.
„დონჩიჩი, დრაგიჩი და პრეპელიჩი უკანა ხაზში ძალიან სახიფათონი არიან. ბევრი ქართველი ბავშვი გულშემატკივრობს დონჩიჩს და მათთვის საინტერესო იქნება ლუკას საქართველოს ნაკრებთან ხილვა. NBA-ში გამოცდილმა გამთამაშებელმა, გორან დრაგიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ არავინ იცის, რას გადაწყვეტს მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ასეა თუ ისე, სლოვენიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს. ტანმაღალ კალათბურთელებში კი საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა აქვს. სლოვენიელების წინა ხაზში ნამდვილად არ თამაშობენ ბითაძეზე, შერმადინზე, შენგელიასა და მამუკელაშვილზე უკეთესი კალათბურთელები. მიმაჩნია, რომ საქართველოს სლოვენიის დამარცხება შეუძლია. აქამდე ოთხჯერ ვეთამაშეთ და ოთხჯერვე დავმარცხდით. იმედი მაქვს, ახლა ჩვენი დრო მოვიდა“.
ქართული დელეგაციის წევრები კაბოვერდელებსა და ვენესუელელებსაც შეხვდნენ…
„წილისყრის შედეგებით ყველა გახარებულია. ყველას სჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. ვენესუელის შესახებ სხვა ქვეყნების წარმომადგენებსაც ველაპარაკე და მითხრეს, წინასწარ ნუ გაიხარებთ, ძალიან, ძალიან რთულად დასაძლევი გუნდიაო. ასეთი რომ არ იყოს, ვერც კაბო ვერდე მოხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე“.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გამართავს.
„წილისყრის შემდეგ სლოვენიიის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ფილიპინებიდან ოკინავაზე გაემგზავრნენ, რომ ნახონ, სად დაბინავდება მათი ნაკრები, სად ითამაშებს… სლოვენიელები ჩემი მეგობრები არიან და იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებებს მეც გამიზიარებენ.
ვფიქრობ, გაგვიმართლა იმ მხრივაც, რომ იაპონიაში ვითამაშებთ. ორგანიზების მხრივ ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება“.
როგორ მოემზადება საქართველოს ნაკრები? ეს შეკითხვა ჩვენს გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთანავე გაუჩნდა.
„ოკინავაში მეორე ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც NBA-ის რამდენიმე კალათბურთელია. მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ასევე, იგეგმება ძლიერი გუნდების სტუმრობა თბილისის ოთხთა ტურნირზე. მათ შორის იქნება მონტენეგრო. გვექნება გასვლითი მატჩები ბალტიისპირეთში. ასე რომ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკითა და კარგად მომზადებული შეხვდება“.