ექსკლუზივი | „კრემონეზე“ ქართველ ტალანტთან პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს - ლორთქიფანიძემ „მიონხენგლადბახს“ იტალიაში დარჩენა ამჯობინა #1TVSPORT
19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს სერია B-ს „კრემონეზესთან“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, – ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
დაჩი საქართველოში თამაშობდა საფეხბურთო სკოლა „ჩემპიონში“, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში. იტალიაში 2014 წელს, ოჯახთან ერთად, 9 წლის ასაკში გადავიდა და 5 წელი „ატლანტას“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო ბოლო 5 წელი – „კრემონეზეში“, სადაც, სამი წელია, სარეზერვო გუნდის კაპიტანია.
ლორთქიფანიძემ მოსამზადებელ ეტაპზე მთავარ „კრემონეზეში“ „ტორინოსთან“ 8 წუთი ითამაშა, სამი მომენტი შექმნა და იტალიელებმა კონტრაქტის გაფორმებაზე დაწყებული საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების დასრულება გადაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ დაჩიმ საქართველოს 19-წლამდელების შემადგენლობაში ელიტრაუნდში თამაშით რამდენიმე გუნდი დააინტერესა – მიონხენგლადბახის „ბორუსია“, „ლაიპციგი“, „ბრაგა“, „სენტ-მირენი“, „ტორინო“ და „ჯენოა“.
განსაკუთრებით მიონხენგლადბახის „ბორუსია“ აქტიურობდა, რომელმაც კონკრეტული წინადადებით მიმართა „კრემონეზეს“ და მოთამაშეს. ქართველმა ნახევარმცველმა იტალიაში დარჩენა ამჯობინა, რადგან პროექტის უპირატესობაში დაარწმუნეს, კლუბი მას ღირებულ მოთამაშედ მიიჩნევს და, პრიმავერაში (20-წლამდელებში) გამოსვლის პარალელურად, მთავარ გუნდში ადაპტირებას გაივლის და სათამაშო დროს მიიღებს.
კონტრაქტი სამწლიანი იქნება, მაგრამ ოფციონის გარეშე, და ლორთქიფანიძე იჯარა-გამოსყიდვის უფლება დაიტოვებს. 19 წლის ტალანტის მიზანი საქართველოს ნაკრებში მოხვედრაა, „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში თამაში კი ამაში ხელს შეუწყობს.