ექსკლუზივი | კახა ჩხეტიანი - დიახ, ჩემი სურვილია, რომ აშვეთია „ტორპედოში“ დარჩეს #1TVSPORT
კახა ჩხეტიანს, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ, სურს, რომ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, მიხეილ აშვეთიასთან ერთად იმუშაოს, – ამის შესახებ 42 წლის სპეციალისტმა საქართველოს პირველმა არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია, რომ მიხეილ აშვეთია დარჩეს და ერთად ვიმუშაოთ. ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ და „ტორპედოს“ გადარჩენასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ. კლუბის წინაშე როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს მას დიდი დამსახურება გააჩნია. მიშამ „ტორპედო“ სეზონის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩაიბარა. ასეთ პირობებში გუნდის დაკომპლექტება, მომზადება და მით უფრო, შედეგის მიღწევა, ურთულესი ამოცანაა. მან „ტორპედოში“ ძალიან ბევრი იშრომა და ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯოხი მასზე არ უნდა გადატყდეს“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით იმერლებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა, ხოლო ორ-ორჯერ საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვეს. „ტორპედომ“ ისტორიაში პირველად მისი თავკაცობით გააღწია ევროპა ლიგის პლეი-ოფში. 2019 წლის ბოლოს ჩხეტიანმა „დინამო თბილისი“ ჩაიბარა და გუნდში მთავარ მწვრთნელად მიხეილ აშვეთიამ შეცვალა.