გიორგი არაბიძე კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს – საქართველოს პირველი არხის მოპოვებული ეს ექსკლუზიური ინფორმაცია სანდო წყარომ დაუდასტურა.
არაბიძე 22 წლის ფეხბურთელია, კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო და გამოიძახეს საქართველოს U17 ნაკრებში, სადაც 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა, პარალელურად გიორგიმ საქართველოს U16 ნაკრებშიც ჩაატარა ერთი მატჩი და გოლიც გაიტანა.
წარმატებული ასპარეზობების შედეგად გიორგიმ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით დაინტერესდა უკრაინული „შახტარი“ და მისი მაშინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ. 2015 წლიდან არაბიძე უკრაინულ გუნდს შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად ლუჩესკუ გიორგის, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან უკრაინის პრემიერლიგაში თამაშის საშუალებას აძლევდა.
გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც ახალი მესი ან ქართველი მესი. 2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ჩაიბარა, „შახტარში“ კი მის ნაცვლად დანიშნულმა პაულუ ფონსეკამ არაბიძეს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ იყო პორტუგალიური „ნასიონალი“, რომელმაც თურქულ „ადანასპორში“ გაანათხოვრა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წლის 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ შედგა. პირველი გოლი 2017 წლის 28 მარტს ლატვიელთა კარში გაიტანა. იმავე წლის 7 ივნისს არაბიძემ სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებთან თამაშის დროს დუბლი შეასრულა.