ექსკლუზივი | დუდა სანაძე - მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს [ვიდეო] #1TVSPORT
26 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. თავის პირველ ისტორიულ მუნდიალზე ჩვენი გუნდის მეტოქეები ასევე იქნებიან ვენესუელა და სლოვენია.
მომავალი შეჯიბრების შესახებ პირველ არხთან ისაუბრა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა, დუდა სანაძემ:
„ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ძალიან რთულია. ჟრუანტელი მივლის, როდესაც ჩვენს განვლილ გზას ვიხსენებ. სიამაყე მემატება, როდესაც იმ გუნდებს ვიხსენებ, რომლებიც მსოფლიოზე ვერ მოხვდნენ. ჩვენი მიღწევა კიდევ უფრო ემოციური იმიტომაც იყო, რომ მანამდე ევრობასკეტზე იმედები ვერ გავამართლეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. მას მერე თავდაუზოგავად ვიშრომეთ, რომ სიხარული მოგვეტანა საქართველოსთვის“.
დუდამ ნაკრების მომავალ მეტოქეებზეც ისაუბრა:
„ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებზე ბევრი არ ვიცით. თუმცა ვიცნობ მათ რამდენიმე კალათბურთელს, რომლებიც ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობენ. ლაპარაკია იმაზეც, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდში ნატურალიზებული კალათბურთელების დამატებას აპირებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვენესუელამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ჩატოვა არგენტინა, რომელსაც ჰყავდა NBA-ისა და ევროლიგის მოთამაშეები – კამპაცო, ვილდოსა, დეკი…
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა მატჩს ისე მივუდგეთ, როგორც ფინალს, მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ და ყველაფერი კარგად იქნება“.
ჯგუფის ფავორიტი სლოვენიის ნაკრებია…
„სლოვენიას კარგად ვიცნობთ. მისი ტაქტიკა ჩვენთვის უცხო არ არის. მანამდე სლოვენიელებს ნაკრებში ჰყავდათ გამთამაშებელი გორან დრაგიჩი, ახლა – ლუკა დონჩიჩი. ორივე მაღალი დონის ფლეიმეიქერია. ეს გუნდი პერიმეტრიდან თამაშზე აკეთებს აქცენტს. ბევრ სამქულიანს ისვრის, თანამედროვე ევროპულ კალათბურთს თამაშობს. დონჩიჩი არც თავისუფალ პოზიციაში მყოფ პარტნიორებს უგვიანებს პასებს და თვითონაც კარგად ასრულებს შეტევებს.
სლოვენიის ნაკრებთან მატჩისთვის მოსამზადებლად დიდი სამუშაო იქნება შესასრულებელი. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, მჯერა, კარგი თამაში იქნება“.