ექსკლუზივი | ბიელსასა და მარვეიკის ყოფილი ასისტენტი გორში - „დილაში“ არგენტინელ მწვრთნელს, ევერ ადრიანო დევალდეს იწვევენ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ბიელსასა და მარვეიკის ყოფილი ასისტენტი გორში - „დილაში“ არგენტინელ მწვრთნელს, ევერ ადრიანო დევალდეს იწვევენ #1TVSPORT

გორის „დილამ“ ოფიციალური წინადადებით მიმართა არგენტინელ სპეციალისტს, ევერ ადრიანო დევალდეს, რომელსაც მარსელო ბიელსასა და ბერტ ვან მარვეიკის ასისტენტად უმუშავია, – ინფორმაცია ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

მოლაპარაკება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის, „არგენტინის სახლი საქართველოში“ დამფუძნებლისა და არგენტინის სამენეჯერო სააგენტოს, B.S.C-ის წარმომადგენლის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის ინიციატივით დაიწყო და წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკომ კლუბში სამწლიანი საქმიანობის შემდეგ „დილა“ დატოვა. გორის „დილა“ დროებით ირაკლი მოდებაძემ ჩაიბარა, კლუბი კი ახლა მთავარ მწვრთნელს ეძებდა.

36 წლის არგენტინელმა სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-2015) მარსელის „ოლიმპიკში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა, შემდეგ არგენტინაში დიეგო დაბოვეს ასისტენტი გახლდათ „გოდოი კრუზსა“ და „არგენტინოს ხუნიორსში“. ბოლოს მუშაობდა „ალ ჰილალში“ (არაბთა გაერთიანებული ემირატები), არგენტინულ „ხიმნასია ტიროში“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“, რომელიც აპრილში დატოვა.

პირველი არხის ცნობით, ევერ ადრიანო დევალდეს დეკემბრამდე გორის „დილას“ გაწვრთნაში ფედერიკო ვალე დაეხმარება. ის 2023 წელს საფეხბურთო კლუბ „არგენტინოს ხუნიორსის“ სპორტული დირექტორის თანაშემწე იყო.

პატარქალიშვილის თქმით, გორის „დილას“ ხელმძღვანელობას დახმარება აღუთქვა არგენტინაში 2024 წლის სეზონისათვის შეკრების მოწყობასა და მომზადებაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიმატონ არგენტინელი ფეხბურთელები და გამართონ ამხანაგური თამაშები.

მიზანი „დილას“ გაძლიერება და საერთაშორისო დონეზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებაა. პატარქალიშვილი ასევე იმედოვნებს, რომ გორის „დილაში“ არგენტინელების მოწვევა ამ ქვეყნის საქმიან წრეებთან შიდა ქართლის რეგიონის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.