ექსკლუზივი | ბერიაშვილზე „როტორმა“ „თელავთან“ შეთანხმებას მიაღწია - ფეხბურთელი გუნდს მაისში შეუერთდება
ექსკლუზივი | ბერიაშვილზე „როტორმა“ „თელავთან“ შეთანხმებას მიაღწია - ფეხბურთელი გუნდს მაისში შეუერთდება

როტორმა“ „თელავის“ მოთამაშის, ილია ბერიაშვილის ტრანსფერზე მის კლუბთან, „თელავთან“ ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან მამუკა ჯუღელმა განაცხადა.

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მენეჯერი, რომელიც ვოლგოგრადის „როტორში“ საკადრო საკითხებზე მუშაობს, ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებზე გველაპარაკა.

„ილია „როტორში“ კვირკველიას შემცვლელად ჩაგვყავდა, შეკრებაზე კი მოლოდინს გადააჭარბა და მისი დატოვება გვსურდა. ის კვირკველიას შემცვლელად მოიაზრებოდა, რომლის ტრანსფერიც მზადდებოდა. მაგრამ საბას ტრანსფერი დაბრკოლდა, რუსულ გუნდში კი ლეგიონერებზე ლიმიტია და ამიტომ ასე გადაწყდა – „თელავთან“ კონტრაქტზე შეთანხმებას მივაღწიეთ და ბერიაშვილი გუნდს მაისიდან შემოურთდება, მანამდე კი „თელავში“ ითამაშებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მამუკა ჯუღელმა.

გავლენიანი მენეჯერი, რომელმაც „როტორში“ უკვე ექვსი ქართველი ფეხბურთელი აიყვანა, ბერიაშვილს დიდი პერსპექტივის მქონე მოთამაშედ მიიჩნევს: „ბერიაშვილი ნუკრი რევიშვილმა მირჩია. იგივე მითხრა ლადო დვალიშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამოში“ მუშაობს და გემოვნებიანი მენეჯერია. იცით, რა გამიხარდა – „თელავის“ ხელმძღვანელებმა, ალეკო ამისულაშვილმა და სოსო გრიშიკაშვილმა უცებ თანხაზე კი არ დაიწყეს ლაპარაკი, ილიას წინსვლით დაინტერესდნენ. თურქულ შეკრებაზე ბერიაშვილმა მოლოდინს გადააჭარბა და ხაცკევიჩსაც („როტორის“ მწვრთნელი) ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩა. მიმაჩნია, რომ ილიას სახით საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული მცველი ეზრდება“.