ექსკლუზივი | არჩილ ბერიძე - მადლობა გეგუჩაძეს ყველაფრისთვის, მის შემცვლელად დემჩენკოს კანდიდატურაზე შევჩერდით და მისგან პასუხს ველოდებით #1TVSPORT
გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა, ხოლო ბათუმელთა პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან გორის „დილას“ მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო ერთადერთ კანდიდატად დაასახელა, ვისთანაც მოლაპრაკება გრძელდება.
„კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბატონ გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე გადაწყევტილებას კლუბის ხელძღვანელობა უახლოეს პერიოდში მიიღებს. საქართველოს პირველ არხთან კი გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა „ჯეო თიმის“ ინფორმაცია, რომ გეგუჩაძის შემცვლელად გორის „დილას“ მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს კანდიდატურას განიხილავს.
„კლუბში ახალი მწვრთნელის თაობაზე ვიმსჯელეთ სპორტულ და გენერალურ დირექტორთან. დიახ, იყო გიორგი ჭიაბრიშვილისა და ანდრეი დემჩენკოს კანდიდატურები. საბოლოოდ დემჩენკოზე შევჩერდით. მას მოსწონს ბათუმის „დინამო“ და ახლა მის პასუხს ველოდებით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა.
არჩილ ბერიძემ მადლობა გადაუხადა გია გეგუჩაძეს: „უმდურობა იქნება, გიას მადლობა არ ვუთხრა. სხვათა შორის, ხაზს ვუსვამ, რომ წასვლა თავად მოითხოვა და გვითხრა, რომ კლუბისთვის და მისი განვითარებისთვის ასე აჯობებდა. გულახდილად ვისაუბრეთ და მან ახსნა, ეს ნაბიჯი რა მიზეზებით იყო გამოწვეული. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბათუმის „დინამოში“ საქმიანობა ნულიდან დაიწყო და საუკეთესო შედეგები აჩვენა.
სამწუხაროდ, ევროპული ტურნირის ჯგუფში ვერ მოვხვდით, მაგრამ ეს ხუთი წელი ჩვენი გუნდის ისტორიაში შედეგებით მაინც საუკეთესო იყო“.
გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო“ 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2 მოიგო, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, მოიგო ქვეყნის სუპერთასი და სამჯერ გახდა ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი. ამ პერიოდში ჩატარებული 188 ოფიციალური მატჩიდან, „დინამომ“ 108 მოიგო, 46 ფრედ ითამაშა და 34 წააგო.