ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ქართველი მებრძოლი ჯონსისა და რეიესის ბრძოლას გამოეხმაურა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება და UFC-ში საკუთარ სადებიუტო ბრძოლას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით დოლიძე ოქტაგონზე აპრილში ან მაისში გავა. დოლიძემ პირველ არხთან კომენტარი ჯონ ჯონსისა და დომინიკ რეიესის ბრძოლაზეც გააკეთა.
რას იტყვი ჯონსისა და რეიესის ბრძოლაზე ? როგორ ფიქრობ სამართლიანი იყო შედეგი ?
ყველამ დავინახეთ, რომ ბრძოლ იყო ძალიან დაძაბული. ჯონსს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ეს „ის” ჯონსი აღარ არის. მას აშკარად შესაცვლელი აქვს მიდგომა ბრძოლებისადმი. ეს სანტოსთან დაპირისპირების დროსაც გამოჩნდა. არის ბევრი ნიუანსი, რაზეც თავად ჯონსს და მის მწვრთნელებს აქვთ სამუშაო. დრო იცვლება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძლიერი სპორტსმენები მოდიან ჩვენ სპორტში. ნამდვილად ვერ გეტყვით სამართლიანი იყო თუ არა მსაჯების გადაწყვეტილება, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ რეიესმა ბრწყინვალე ბრძოლა შესთავაზა ჯონსს.
არის თუ არა რეიესი სწრაფი რემატჩის ღირსი და თუ შედგა ეს ბრძოლა მეორედ, როგორ ფიქრობ ვის ექნება უპირატესობა?
დიახ, რა თქმა უნდა არის რემატჩის ღირსი. მან ეს დაამტკიცა. ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როგორ წარიმართება განმეორებითი ბრძოლა, თუმცა ფაქტია, რომ რეიესი სერიოზული ძალაა ამ დივიზიონში.
შენს მომავალ გეგმებზე რას გვეტყვი ? ცნობილი ხომ არ გახდა სადებიუტო ბრძოლის თარიღი?
ძალიან ბევრი ცვლილება მაქვს. ახალი მენეჯერი მყავს, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში დიდი სახელი აქვს. სულ მალე გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ამბებს. როდესაც ბრძოლის თარიღი იქნება ცნობილი, ყველაფერს გაგაგებინებთ. დიდი ალბათობით დებიუტი აპრილში ან მაისში მექნება.