ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ქართველების გულშემატკივრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ „იუ-ეფ-სი“-სთან (UFC) კონტრაქტი თვეზე მეტია რაც გააფორმა და ის „ჯექსონ ვინკის“ აკადემიაში ჯონ ჯონსთან ერთად ვარჯიშობს, რომელიც ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონია. პირველი არხი ქართველ სპორტსმენს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
როგორი იყო თქვენი პირველი დღეები ამერიკაში?
დარბაზში ძალიან თბილად მიმიღეს. პირველად რომ ჩამოვედი მაშინაც კარგად შემხვდნენ, მაგრამ უკვე „იუ-ეფ-სი“-სთან კონტრაქტი რომ მქონდა, ბევრად უფრო კარგად მიმიღეს და ინტერესით დამხვდნენ. მწვრთნელებიც და სპორტსმენებიც. მთავარია, რომ მიმიღეს თავის წრეში და საუკეთესო მწვრთნელები მავარჯიშებენ. ვინც არის ჯონსის კუთხეში ყველა მწვრთნელი ისევე მავარჯიშებს მეც და ჩემს კუთხეშიც იქნებიან. კარგი იდეები აქვთ ჩემთან დაკავშირებით და ისე ვატყობ და ვხედავ, რომ შორსმიმავალი გეგმები აქვთ.
როდის გამართავთ პირველი ორთაბრძოლას და თუ არის ცნობილი მეტოქის ვინაობა?
ჯერჯერობით პირველი ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინაროებს. არვიცი ზუსტად როდის იქნება. გეგმაში არის აპრილი. მოწინააღმდეგის შესახებაც ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკება – ორმა სავარაუდო მეტოქემ უარი თქვა, ახლა ველოდებით ვინ დათანხმდება ჩემთან ბრძოლას.
როგორი ურთიერთობა გაქვთ ჯონ ჯონსთან?
ჯონ ჯონსი, რა თქმა უნდა, ამ სპორტში საუკეთესო ათლეტია. მას არ აქვს განსაკუთრებით ძლიერი მხარე. როგორც მე – ვჭიდაობ და მძიმე ხელები მაქვს, ანუ დარტყმის ძალა, ჯონსს გამოკვეთილი პლუსი არ აქვს. ის ყველგან ძლიერია – ჭიდაობს კარგად, დარტყმის ტექნიკა აქვს, კრივი და კიკბოქსინგი უმაღლეს დონეზე იცის და ძალიან ბევრი ტექნიკა აქვს, რომელსაც მის გარდა ვერავინ იყენებს. მასთან სპარინგი ძალიან ბევრ გამოცდილებას მმატებს. როგორც ადამიანი, ის ძალიან კარგია. ვიცი, რომ სხვადასხვა რაღაცებს ლაპარაკობენ მასზე – ნაწილი მართალია, ნაწილი არა, მაგრამ პირადად ჩემთან ძალიან მეგობრულია. როდესაც კითხვები მაქვს აუცილებლად ვეკითხები და ვეხმარებით ერთმანეთს – მე ჭიდაობაში, პარტერში, ფეხზე მტკივნეულ ილეთებში, ხოლო ის კი დარტყმის ტექნიკაში. ბევრი ნიუანსები იცის და ბევრი იდეები აქვს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონ ჯონსმა შესაძლოა წონა შეიცვალოს და მძიმე წონაში გადაინაცვლოს. რამდენად მართალია ეს?
ჯონსთან პირადად ამ თემაზე არ მისაუბრია, უფრო მწვრთნელებთან მიწევს ურთიერთობა და პირდაპირ არაფერი უთქვამთ, თუმცა მგონია, რომ ასეთი გეგმები არის. მე თვითონ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაქვს სავარჯიშო და გასაკეთებელი, მაგრამ მწვრთნელების მიდგომით ვხვდები, რომ ძალიან დიდი იმედები აქვთ ჩემს მიმართ. ამჟამად ისინი თავის ენერგიას და ჯაფას ჩემზე ხარჯავენ. მე ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მაქვს ჩასატარებელი, რომ ჩემი სახელი დავიმკვიდრო „იუ-ეფ-სი“-ში.
როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი?
ვარჯიშები ძალიან კარგად მიდის. ახლა ჯონსი ემზადება თავისი ბრძოლისთვის და ყოველდღე მასთან ვვარჯიშობ. მაგალითად დღეს შვიდი რაუნდი ვისპარინგეთ. მწვრთნელები და თავად ჯონსიც გრძნობს, რომ ძალიან უმჯობესდება ჩემი დარტყმითი ტექნიკა, უფრო უკეთესი ხდება კრივი და კიკბოქსინგი, რაც ნამდვილად ძალიან კარგია.
რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ქართველი გულშემატკივრები?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მაყურებელი და გულშემატკივარი. ამ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა ჩემი გვერდის აქტივობა, იმიტომ რომ ადრე თუ 90% რუსულენოვანი პუბლიკა აქტიურობდა და ადევნებდა თვალყურს, ახლა პირიქით, 70% ქართველებია. დიდი მადლობა ამისათვის და თუ რამენაირად შესაძლებელია, რომ მოიწონონ ჩემი ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდები, ძალიან კარგი იქნება. ქართველი რომ მგულშემატკივრობს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.