ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - მე, მერაბი და ილია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს დროშა ოქტაგონზე კიდევ ერთხელ ავაფრიალოთ
6 დეკემბერი ქართული MMA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ლას ვეგასში, UFC-ის მორიგ ქარდზე ერთდროულად 3 ქართველი გამართავს ბრძოლას. ოქტაგონზე დაუმარცხებელი რომან დოლიძე პრომოუშენში რიგით მეორე ბრძოლას ბრაზილიელი ჯონ ალანის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმავე დღეს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას გამართავს მერაბ დვალიშვილი, რომლის მეტოქე რაონი ბარსელოსი იქნება. ილია თოფურია კი ამერიკელ დეიმონ ჯექსონს შეხვდება.
ქართველი მებრძოლები 6 დეკემბრის ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადებიან. რომან დოლიძე ლას ვეგასში იმყოფება და ალანთან ბრძოლისთვის მოსამზადებელ ეტაპს UFC Performance Institute-ში გადის. დოლიძის მეტოქეს MMA-ში ჩატარებული 18 ბრძოლიდან 13 გამარჯვებით დაასრულა. 5 ში კი დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე რამდენიმე თვის წინ შედგა. ქართველმა მებრძოლმა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა რუსი ხადის იბრაგიმოვი. რომანს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
– 3 კვირაზე ნაკლები რჩება ჯონ ალანთან ბრძოლამდე. მოსამზადებელი ეტაპი მართალია არ დასრულებულა, თუმცა ძირითადი და მთავარი ნაწილი გავლილია. როგორ ფორმაში ხარ? რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს?
– დიახ უკვე მოსამზადებელი ეტაპის ფინალურ ნაწილზე ვართ. კარგი და ნაყოფიერი პერიოდი იყო. შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო. ბრძოლის დღეს კიდევ უფრო სრულყოფილ ფიზიკურ კონდიციაში ვიქნები. ტრავმები არ მაწუხებს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები 6 დეკემბერს.
– ჯონ ალანის შესახებ გკითხავ. სავარაუდოდ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მის არაერთ ბრძოლას უყურე და გარკვეული დასკვნები გამოიტანე. რა არის ბრაზილიელის სუსტი და ძლიერი მხარე და როგორ გეგმავ მის დამარცხებას?
– სიმართლე გითხრათ ჯონ ალანის ბევრი ბრძოლისთვის არ მიყურებია, მაგრამ ვიცი, რომ კარგი სპორტსმენია. საერთოდ UFC-ში სუსტი მებრძოლი ვერ ხვდება, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მზად ვარ მორიგი გამარჯვებისთვის.
– გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-იმ მომდევნო კვირასაც შემოგთავაზა ბრძოლის ჩატარება. შეგიძლია დაასახელო ვის გთავაზობდა მეტოქედ პრომოუშენი?
– სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ამ მებრძოლის სახელი და გვარი (იცინის). ცნობილი მებრძოლების კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ ვიცი რომ აქამდე ის საშუალო წონით დივიზიონში (middleweight 84 კგ) ასპარეზობდა და მას შემდეგ რაც ბრძოლა ჩაეშალა ისურვა წონითი კატეგორიის შეცვლა და ჩემთან დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში (light heavyweight 93 კგ). თუმცა, სავარაუდოდ, ამ ბრძოლაზე უარს ვიტყვი, რადგან მსურს სრილყოფილად მოვემზადო 6 დეკემბრისთვის და პროფესიონალურად მივუდგე საკითხს.
– 6 დეკემბერს 3 ქართველი იბრძოლებთ UFC-ის ერთ ქარდზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქართული MMA-სთვის. რა რეაქცია გქონდა როდესაც შეიტყვე, რომ შენ, მერაბი და ილია ერთ ქარდზე გამოხვალთ?
– რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ამბავია. ქართულ MMA-ისთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ღონისძიება იქნება. მე, მერაბი და ილია კი შევეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელოთ და ოქტაგონზე საქართველოს დროშა ავაფრიალოთ.
– ჯონ ალანთან ბრძოლის დროს შენს კუთხეში ვინ იქნებიან?
– ჯერჯერობით ეს საკითხი ზუსტად გადაწყვეტილი არ არის. ჩემს კუთხეში ერთ-ერთი ჩემი მეგობარი და მწვრთნელი მეყოლება და ასევე შესაძლოა ჩემს კუთხეში ალი აბდელაზიზიც იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ზუსტად არ არის გადაწყვეტილი.