ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან - მე მაინც მჯერა, ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდება
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებზე იყო გამოძახებული, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის ფინალამდე კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 19 წლის თავდამსხმელი აცხადებს, რომ ეს მისთვის ურთულესი ამბავი იყო.
„არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
თუმცა, კვარაცხელია იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნები“ დიდ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე მაინც მოხვდებიან: „კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა, ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი გვაშორებდა და მჯერა, წარმატებას მაინც მივაღწევთ“.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბების გზაზეა: „გუნდი ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, ანუ გარკვეულ დონეზე გაიზარდა. ამიტომაც მჯერა, რომ გუნდი მშენებლობა გაგრძელდება, კარგი მოთამაშეები გვყავს, გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება“.