კარიერა | კაპიტანი, რომელმაც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ფორმა შეიძინა - დღეს კახა ცხადაძე 53 წლის გახდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 53 წლის გახდა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთმაშე იყო.
კახა ცხადაძემ კარიერა 1985 რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. 1988–1991 წლებში „დინამო თბილისში“ თამაშობდა, მერე იყო შვედური „სუნდსვალი“, მოსკოვის „სპარტაკი“ და „დინამო“, 1992–1996 წლებში კი ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა. ასევე უთამაშია ვლადიკავკაზის „ალანიაში“, „მანჩესტერ სიტიში“ და თბილისის „ლოკომოტივში“.
საინტერესოა, რომ 2001–2002 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო და ძალიან თამამი ექსპერიმენტებით გამოირჩეოდა. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის „მერანი 1991“-თან გუნდი 2-4-4 სათამაშო სქემით, ანუ ორი მცველით ათამაშა, რადგან მეტოქეს მხოლოდ ერთი თავდამსხმელი ჰყავდა – მისმა რისკმა გაამართლა და „ლოკომოტივმა“ ეს მატჩი 4:1 მოიგო. შემდეგ „ლოკომოტივი“ დატოვა, მოთამაშის კარიერა განაახლა და მახაჩყალას „ანჟიში“ გადავიდა, სადაც კიდევ სამი წელი ითამაშა და კარიერა 2005 წელს დაასრულა.
1990-იან წლებში კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ლიდერი იყო. ბევრისთვის უცნობია, რომ ნაკრების ფორმა გერმანიაში საკუთარი სახსრებით შეიძინა და ჩამოიტანა. ეს ევრო 1996-ის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე მოხდა, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდი პირველ საერთაშორისო ოფიციალურ მატჩებს მართავდა.
1992 წელს მიიწვიეს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის (დსთ) ნაკრებში, რომლის ფორმითაც ევრო 1992-ზე ითამაშა. ბევრმა მაშინ სამშობლოს მოღალატედ შერაცხა. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში უკვე ნათამაშები ჰქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უარი თქვა რუსეთის ნაკრების სახელით თამაშსა და დიდ ფულზე. ცხადაძემ უსახსრო, ფიფა-სა და უეფა-სგან ჯერაც არაღიარებული საქართველოს ნაკრები ამჯობინა. 1991–1998 წლებში „ჯვაროსნების“ ფორმა 25 მატჩში მოირგო და ერთი გოლი გაიტანა (1997 წელს პოლონეთის ნაკრების კარში).
სამწვრთნელო კარიერა 2005–2006 წლებში „დინამო თბილისიდან“ დაიწყო. შემდეგ მუშაობდა ბოლნისის „სიონში“, ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერში“. ასევე იმუშავა ყაზახეთში ალმატის „კაირატსა“ და „ორდაბასში“, ხოლო 2021 წლიდან „დინამო თბილისი“ ჩაიბარა.
ცხადაძეს ნაკრებში სამწვრთნელო მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია. 2009 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, ხოლო 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცად დაინიშნა. 2016 წლის იანვარში სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მისი გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და კახა ცხადაძეს პოსტის დატოვება მოუხდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. ახლა ქართული ფეხბურთის სამსახურში საკუთარი წვლილის შეტანას „დინამო თბილისში“ მუშაობით ცდილობს და იმედია, წარმატებას მიაღწევს.