ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოჯნაროვსკის ცნობით, ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს და 5 წლის განმავლობაში 190 მილიონ დოლარს მიიღებს.
27 წლის ცენტრი ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად ითვლება „ლეიკერსში“. ცოტა ხნის წინ ისიც დადასტურდა, რომ ლებრონ ჯეიმსმა ლოს ანჯელესურ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში კიდევ ორი წელი ითამაშებს.
ენტონი დევისის და ლებრონ ჯეიმსის შენარჩუნება, „ლეიკერსის“ მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნეოდა, რადგან ამ ორ კალათბურთელს უდიდესი წვლილი მიუძღვის წინა სეზონში საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.
სეზონის დაწყებამდე გუნდის გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განახორციელა – „ლეიკერსმა“ დაიმატა დენის შროდერი, მონტრეზლ ჰარელი, უესლი მეტიუზი და მარკ გასოლი.
დევისს წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 26.1 ქულა, 9.3 მოხსნა, 3.2 შედეგიანი გადაცემა, 2.3 დაფარება და 1.5 ჩაჭრა დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს რეგულარული სეზონი 23 დეკემბრიდან აიღებს სტარტს, პირველი კი ლოს ანჯელესის დერბს ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ დაუპირისპირდებიან.