ენტონი ბლინკენის თქმით, ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ ნათლად განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის
ენტონი ბლინკენის თქმით, ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ ნათლად განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ბოლო წლებში აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკურ რეგიონში განხორციელდა მხოლოდ რუსეთის მიერ ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, რამდენიმე წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ ნათლად ცხადყო, რომ ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის და გაწევრიანებით დაინტერესებული ყველა ქვეყნისთვის, როდესაც ისინი გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ბლინკენის თქმით, ნატო-ს წესდებაში და ვაშინგტონის შეთანხმებაში ნათლად არის გაწერილი, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან და აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, ნატო-ს კარი ღიაა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყოველივე ეს არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო თავდაცვითი და გამჭვირვალე ალიანსია.

„ნატო არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ბოლო წლებში აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკურ რეგიონში განხორციელდა მხოლოდ რუსეთის მიერ ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.