ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან
ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა. შეხვედრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპასთან მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენმა და სებასტიან ლეკორნუმ დაათვალიერეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უგზავნის უკრაინას.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინა ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რომლის დროსაც აუცილებელია საჭირო დახმარების გაწევა თავის დასაცავად.

„რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა – ის უფრო სუსტია სამხედრო თვალსაზრისით, სუსტია ეკონომიკურად, სუსტია დიპლომატიურად; უკრაინა უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა; ევროპა გათავისუფლდა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისგან და ნატო-ს ალიანსი კიდევ ორი წევრით გაძლიერდა და გაფართოვდა; თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც მათ ისევ სჭირდებათ, რათა დაიცვან თავი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვას“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ს, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, შეხვდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.