ენტონი ბლინკენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერს ხვდება
ენტონი ბლინკენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდება.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის დახმარებას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით და ამასთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესია უკრაინაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან განიხილავს სამომავლო გზებს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და ელოდება, მოისმინოს იმ ძალისხმევის შესახებ, რაც უკვე ხორციელდება.

დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინას სჭირდება ოთხი მიმართულებით მხარდაჭერა.

„პირველ რიგში, გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან უნდა შევაჩეროთ აგრესორი ჩვენს საზღვრებთან და არ მივცეთ დემოკრატიული ევროპისკენ წასვლის საშუალება; მეორე არის სანქციები, აგრესორზე გავლენის მოხდენის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; მესამე არის დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და განვახორციელოთ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური პასუხისმგებლობა; მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რადგან ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას, 96% სურს, რომ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა საბჭოთა კავშირის ან რუსეთის იმპერიის“, – განაცხადა დენის შმიგალმა.